პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევის მიუხედავად არჩევნების ჩატარებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრემიერისგან მეტ დაზუსტებას ითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას:
"გიორგი გახარია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ჯობია ახსნას, როგორ ხედავს იმ ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზებს, რომლებიც იქნებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში. შემთხვევით მას ხომ არ აწყობს, რომ ამ ადამიანებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? იმიტომ რომ ასეთი ხისტი მიდგომა, როდესაც ადამიანის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ეხება საკითხი, დაუშვებელია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ვისაც მიეცემა, ეს პროცედურებიც იქნება აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და დაკვირვების მიღმა," - აცხადებს თამარ კორძაია.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები არჩევნებზე არ მივიდნენ:
"როდესაც არ იყო არაფერი დრამატული და მცირე იყო დაავადებათა რაოდენობა, რასაც ჰქვია ყველა ტყვია გაისროლა და ჩაკეტა ეკონომიკა და ადამიანებს მოუსპო ლუკმა-პურის საშოვარი. ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვთ, იმედი ჰქონდეთ, რომ არჩევნებამდე მიაღწევენ ისე, რომ რაღაც არ აუფეთქდებათ. ახლა ერთის მხრივ იმედოვნებენ, რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე და მეორეს მხრივ უნდათ, რომ ალბათ რაღაც ეტაპზე ჩაგვკეტონ კიდევ ერთხელ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა და არა ეკონომიკის გადარჩენა ან კორონავირუსის შეჩერება:
""ქართული ოცნება" სულს ღაფავს მხარდაჭერის კუთხით, ყოველდღიურად ეცემა მათი მხარდაჭერა და უნდათ, რომ როგორმე მიატანონ არჩევნებამდე. ესაა მათი ამოცანა, მეტი არაფერი. მათ არ აქვთ ის ამოცანა, რომ ხალხს უშველონ, ეკონომიკას უშველონ, კორონავირუსი შეაჩერონ, მათი ამოცანაა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ, რომ გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამომრჩევლების დაშინების მცდელობად მიიჩნევს პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ლელოს წევრი გრიგოლ გეგელია
"პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სრულიად კომიკური, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინ როდესაც 20 ინფიცირებული იყო ქვეყანაში, მიღებული იქნა სრულიად მკაცრი ზომები, ქვეყანა ჩაიკეტა, ეკონომიკა დაიხურა. ახლა როდესაც ათასზე ავიდა ინფიცირებულები, ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს გადადოს არჩევნები და იმავე დროს ავრცელებს ამ სტატისტიკასაც. ეს ერთადერთზე მიგვანიშნებს, რომ ეს დაშინებული ხელისუფლება, რომელიც სულს ღაფავს და გადასარევად უწყის, რომ წააგებს ამ არჩევნებს, თუკი ეს არჩევნები ჩატარდა მაღალი დასწრებით და თავისუფალ პირობებში, ცდილობს რომ ხალხი დააშინოს, ერთის მხრივ სტატისტიკა მიაწოდოს და მეორეს მხრივ ირიბად მოუწოდოს, რომ არჩევნებს არ დაესწრონ," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.