"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მთელი რესურსი გაზაფხულზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებაში დახარჯა და ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"გაზაფხულზე 21 მარტს მეც პარლამენტში მხარი დავუჭირე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხოლოდ ერთი თვით, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო იყო იმ პირველი შოკის ფაზაში, როდესაც პანდემია გამოცხადდა და ბუნებრივია ყველა ქვეყანას სჭირდებოდა ახლებურად გადაწყობა. მაგრამ მე მაშინვე ვამბობდი, რომ ჩვენ ქვეყანას და ოჯახებს ვირუსთან ხანგრძლივი ბრძოლისათვის არ ჰქონდა საკმარისი ეკონომიკური რესურსი, რომ ეკონომიკა ისე მოგვეკლა და ოჯახების შემოსავალი ისე გაგვენადგურებინა, რომ დღეს აღმოვჩენილიყავით ამ მდგომარეობაში, როდესაც მთავრობა პრაქტიკულად თვითონ აცხადებს, რომ ეკონომიკური რესურსები აღარ არსებობს.
მთელი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მთელი აქცენტი შეკავებაზე აიღეს და მთელი ზაფხული მოუნდნენ ბაქი-ბუქს, რა მაგრები ვართ და რა მაგრად ვმართეთ და ახლა ვხედავთ იმ სავალალო შედეგებს, როგორ მოემზადნენ და მართეს. არ არის მომზადებული არც პირველადი ჯანდაცვა, თუნდაც იმისთვის, რომ ტელეფონით მართონ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები და ფეისბუკზე რამდენი პრეტენზია იწერება," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა ამჯერად თავის შეცდომებს საზოგადოებას აბრალებს:
"როდესაც საზოგადოებას უწესებთ შედარებით რბილ შეზღუდვებს საზოგადოებას, მაგრამ ეუბნებით, რომ ეს მუდმივად უნდა დავიცვათ საზოგადოება გამოგყვებათ, მაგრამ როდესაც თქვენ საზოგადოებას უწესებთ ისეთ შეზღუდვებს, რომელსაც ლოგიკა არ გააჩნია, კეტავთ საზოგადოებას, უნადგურებთ ოჯახებს შემოსავალს და დანაზოგს, სანაცვლოდ აძლევთ მხოლოდ 200 და 300 ლარს, რომელიც არავის არ ჰყოფნის, საზოგადოებაში ნდობა იკარგება, არავინ არ მოგყვებათ და ვიღებთ იმ ქაოსს რაც დღესაა. მთავრობა უსირცხვილოდ ხალხისკენ იშვერს ხელს, რომ ხალხის ბრალია არ იცავენო, მაშინ როდესაც მთელი ზაფხული ბაქიბუქით იყვნენ დაკავებული, გახარია დღეს აცხადებს, რომ ფრენებიც კი უნდა გავხსნათო, მწვანე ქვეყნის სტატუსი და მთელი ზაფხული ისა გავატარეთ, რომ ადამიანებს ერთი თეთრი არ აშოვნინეს რომ ტურისტი შემოსულიყო," - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანა არც სეზონური გრიპისთვისაა მომზადებული და ვაქცინაცია ჩაწყობით ხდება:
"გრიპის ვაქცინაზე 22 აპრილს დავწერე, რომ მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის დავარეზერვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა და დღეს კარგად იცით, რომ თუ არ ჩააწყვე აფთიაქში გრიპის ვაქცინას ვერ გაიკეთებ," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.