დღეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქს მმართველმა გუნდმა საკუთარი კანდიდატი წარუდგინა.
"ქართული ოცნების" სახელით გურიაში დეპუტატობისთვის ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებს, სამივე ქალაქს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარეც ეწვივნენ.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობაც დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.
დღესვე პარტიის ახალი წევრი წარუდგინა ამომრჩეველს "ნაციონალურმა მოძრაობამ", ოპოზიციურ ძალას ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა.
ახალი წევრი საზოგადოებას გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გააცნო. ნიკა მელიას თქმით, ყიფიანი პოლიტიკაში არა მხოლოდ ახალი სახე იქნება, არამედ ის წარმოადგენს ახალ ხედვას, როგორ უნდა იხსნან ქვეყანა სიღარიბისგან.
"ლელოს" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე დღეს პარტიის ლიდერებთან ერთად ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა.
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა. დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან პარტიის პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ხმაურით დაასრულა საარჩევნო შეხვედრების დღე "ევროპულმა საქართველომ". პარტიის მტკიცებით, მათ წევრ ეთერ ჯალაღანიაზე გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში თავდასხმა მოხდა.
საარჩევნო შეხვედრების ფონზე ხვალ ჩანიშნული შეკრება-აქცია გააუქმა "ევროპულმა საქართველომ". გადაწყვეტილება პარტიამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.