"ევროპული საქართველოს" გორის ოფისში "ქართულ ოცნების"პასუხს პასუხი გასცეს. ეთერ ჯალაღანია აცხადებს, რომ ორმაგად შეურაცხყოფილია მიხეილ გოგინაშვილის განცხადების გამო, რომელმაც ოპოზიცია მოიხსენია როგორც კრიმინალური და უპასუხისმგებლო. ის უარყოფს ინციდენტის ადგილზე მათი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს.
"ბატონო მიშა, კარგად ნახეთ კადრები, აბრძანდით თქვენ თვითონვე და ნახეთ როგორ არის გადაკრული ჩვენს კანდიდატზე ბატონი ხოჯევანიშვილის პლაკატები. და კიდევ, თქვენ თვითონვე აღიარეთ, რომ არიან თქვენი მხარდამჭერები, ანუ აქედან ჩანს, რომ ჩვენ კი არ ვართ კრიმინალური ოპოზიცია, თქვენ ხართ კრიმინალები," - განაცხადა ეთერ ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც მას და მის თანაგუნდელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მათი ვარაუდით, ინციდენტში ხოჯევანიშვილის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. "ქართული ოცნების" შტაბში კი ირწმუნებოდნენ, რომ პროვოკაცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა მოაწყო, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაც იმუქრებოდა.
"ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს. რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. შედეგად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ბუნებრივია, ამ სამარცხვინო კრიმინალურ ფაქტს არა ერთი თვითმხილველი ჰყავს," - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.