17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები დამძიმებული ეპიდვითარების გამო - პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა

არჩევნების გადადების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ხედვას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. ნაწილი არჩევნების გადადების ალბათობას არ გამორიცხავს, თუმცა უმეტესობა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ოპოზიციის უმრავლესობა არჩევნების გადადების მოწინააღმდეგეა.

"ევროპული საქართველოს ძალიან მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ეს ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. კოვიდი არის პრობლემა მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე მეტი პრობლემაა თუ ნაკლები კიდე საკითხავია," - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ დიდი ხანი იმოძრავებს და გარკვეული პერიოდი დასჭირდება პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, პროცესის გახანგრძლივების მიზეზად კი ჯაფარიძე გაზაფხულზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. რაც შეეხება არჩევნებს, "გირჩში" მიიჩნევენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, როგორც დაგეგმილია:

"გადაიდება როდემდე? ანუ ოცნება დავტოვოთ ხელისუფლებაში კიდევ რამდენი ხანი წელწადი? 2 წელწადი? კაცმა არ იცის რა იქნება, ამიტომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე როგორც დაგეგმილია,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, არჩევნების გადადებაზე საუბრის დაწყებას ხელისუფლებაში არსებული დამარცხების შიშით ხსნის.

"ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან, აი ისეთი რეჟიმები, როგორიც ჩვენ გვყავს თავისით არ წავა, თუ ხელი არ წააშველე. ხელის წაშველება არ გადაიდება," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარეს. ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ მსგავს პირობებში არჩევნების ჩატარება ხელისუფლების ინტერესშია, რადგან დაბრკოლება ექმნება როგორც არჩევნებზე ამომრჩევლის მისვლას, ასევე დამკვირვებლების მონაწილეობასაც:

"არჩევნები უნდა გადაიდოს, თუ ხელისუფლებას უნდა რომ მერე თქვას, რომ მან არჩევნები სამართლიანად ჩაატარა," - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე არჩევნების ჩატარებას სარისკოს უწოდებს და არჩევნების გადადების მოსაზრებას იზიარებს:

"მეეჭვება, რომ ქართული სახელმწიფო დღეს მზად იყოს, რომ ყველა ინფიცირებულს სათანადო ყურადღება აღმოუჩინოს, ამიტომ არა მგონია, რომ ასეთი რისკის მორალური უფლება დღეს ხელისუფლებას ჰქონდეს,"- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

დამძიმებული ეპიდვითარების მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების გადადებაზე მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა საარჩევნო კაპიტულაცია და სასოწარკვეთილების გამოხატულება.

"რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსებობს. როცა იყო კოვიდის პირველი ფაზა და პირველი ტალღა, ამ შემთხვევაში არაერთ ქვეყანაში ასეთი ზომა იყო მიღებული. თუმცა მეორე ტალღის პირობებში არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლინება.

კაპიტულანტურ განცხადებებს, ურჩევნიათ მოემზადონ 31 ოქტომბრისთვის და თუნდაც ის 12% და 3% გაიფორმონ, რაც დღეს აქვთ მოსახლეობისგან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე.

არჩევნების გადადებას გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარეც.

"პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი აქვთ. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, საარჩევნო ადმინისტრაციას სრული მხარდაჭერა აქვთ, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამისთვის ვემზადებოდით და სახელმწიფო ამას მომზადებული შეხვდება. როგორც ამომრჩეველთა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის დამკვირვებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თავისუფალი არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები