"რუსთავი -ის" დაკვეთით კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, კვლევა ხარვეზებს შეიცავს და რეალობას არ შეესაბამება.
"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი 35-37%-ზე მეტს ვერ აიღებს. ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ საკითხზე "სანაძლეოს უდებს". ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მინიმუმ 60-62%-ს აიღებს, მის პარტიას კი ორნიშნა მხარდაჭერა ექნება.
Survation-ის კვლევები მოულოდნელი არ არის მმართველი პარტიის წევრებისთვის. მათი შეფასებით, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნება" უპირობოდ გაიმარჯვებს.
"ქართულ ოცნებას", საერთო ჯამში, აქვს ყველა ოპოზიციურ გაერთიანებულ პარტიაზე უფრო მაღალი შედეგი. "ოცნება" საკმაოდ კომფორტულად აგროვებს 55-დან 60%-მდე ხმებს," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა გიორგი ხელაშვილმა.
რომელი პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე - "რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია Survation-მა ქვეყნის მასშტაბით პროცენტული მაჩვენებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შემდეგ, ამჯერად პარტიების მიხედვით გადაანაწილა.
გამოიკითხა 9 ათას 75 რესპონდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 12-დან 29 სექტემბრამდე. მიღებული პასუხებით ხმები ასე გადანაწილდა. ლიდერობს მმართველი პარტია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 55,6 %ით. შემდეგ არის "ნაციონალური მოძრაობა" 19,8 %-ით. მას მოსდევს "ევროპული საქართველო" 5,2%-ით. შემდეგ არის "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" 5,1%-ით და ხუთეულს ასრულებს "პატრიოტთა ალიანსი" 3,8%-ით.
Survation-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1,3 შეადგენს. ეს მაჩვენებელი განსხვავდება მაჟორიტარული ოლქების მონაცემების დადგენის შემთხვევაში, სადაც ცდომილება კომპანიის ინფორმაციით, 6%-მდეა.