გიორგი ვაშაძე და "სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი არჩევნების შემდგომ პირველი 30 დღის გეგმას წარადგენენ. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გუნდი ემზადება, რომ როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე კორონავირუსის კუთხით მძიმე მდგომაროებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბაროს და დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს წინსვლა და კეთილდღეობა.
"ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ხალხს, ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი თავზე იგრძნოს რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული ადამიანის პრობლემას და ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, გადავლახოთ უამრავი პრობლემა და რაც მთავრია, ჩვენი მუშაობის ეფექტურობის საზომი იქნება ერთადერთი - გრძნობს თუ არა საქართველოს მოქალაქე ჩვენი ყოველდღიურად, რომ ცხოვრება მიდის წინ.
რაც შეეხება ჩვენი პირველი 30 დღის სამოქმედო გეგმას, ეს შედგება სამი კონკრეტული ინიციატივისგან. პირველი - ეს არის საბანკო სესხები. ყველა პენსიონერს, ჩამოეწერება უსამართლოდ მაღალი, 36%-იანი სესხი და მეორე - ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, ასევე ყველა მოქალაქეს, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, დაუსუბსიდირდება სესხის პროცენტი შემდეგი 6 თვის მანძილზე.
მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა - დაუყოვნებლივ ვიწყებთ ევროპული წამლის ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის დანერგვას და მინიმუმ 30%-ით პირველივე თვეში გაიაფდება მედიკამენტები, და მესამე, კორონაკრიზისის მართვისთვის, მინიმუმ დღეში 20 ათასი ტესტი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.