ალეკო ელისაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო პროცესი ქვეყანაში ორ დღეზე გადანაწილდება, ამით პოლიტიკური სუბიექტები მოსახლეობის ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან.
"ნაცვლად 31 ოქტომბერს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად ორი დღის განმავლობაში. ჩავატაროთ პარასკევს 30 ოქტომბერს და შაბათს 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ არჩევნები სიებით და ანბანის მიხედვით. პირველ დღეს - 30 ოქტომბერს მივიდნენ პირველი 15 ანბანური ასოს წარმომადგენლები, მეორე დღეს დანარჩენები, რათა არ იყოს რიგები," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის ინიციატივას თავის მხრივ უპასუხეს მმართველ გუნდში.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს იმ პროცესებზე, რომ არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს სრულად დაცული. ამ პროცესში ცესკო ეყრდნობა სფეროს სპეციალისტებისა და პროფესიონალების რეკომენდაციებს, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, ყველა ის რეგულაცია თუ პროტოკოლი, რაც იქნება ამ მხრივ მიღებული, იქნება საერთაშორისო სტანდარტის მაღალი დაცვით," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.