"ევროპულის საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მისი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, თუმცა არ აპირებენ პასუხისმგებლობა გაიზიარონ სააკაშვილის სამომავლო ქმედებებზე, რომელიც მისი თქმით, ისევ ერთპარტიულ მმართველობას უჭერს მხარს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"ჩვენ, განსხვავებით დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერისგან, ვიძახით, რომ წარსულზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მომავალზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასთან ერთად. სწორედ ამიტომ, არ დავუჭერთ მის პრემიერობას მხარს. რაც მოხდა ერთ გუნდში ყოფნისას, იმაზე ყველა, იმ პოლიტიკური წონით რაც ჰქონდა იმ დროს აგებს პასუხს და ან გამოაქვს იქიდან სწორი დასკვნა, ან ვერა. სააკაშვილმა ამ პერიოდიდან ვერ გამოიტანა სწორი დასკვნა და ახლაც საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერზე. მისი ხედვა ჩვენისგან განსხვავდება თითქმის ყველაფერში, დაწყებული მისი სიტყვის ფასიდან, როცა 30-ჯერ იტყვი, რომ ჩამოვალ და მისცემ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხეს, ივანიშვილის პროპაგანდას აი ამ სათამაშოს, გაგრძელებული მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლით. სწორედ იმიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ 2012-მდე ვითარებაში დაბრუნება უნდა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგად აქვს გააზრებული, რა პრობლემებს ქმნის ერთპარტიული მმართველობა და არ აპირებენ სააკაშვილთან მსგავსი პასუხისმგებლობა მომავალში გაიზიარონ.