"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ამას აკეთებდნენ სპეცსამსახურები, რომლებიც ბოროტად სარგებლობდნენ პრივილეგიებით, დღეს კი ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი გახდა. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ფარული ვიდეომასალაა ჩაწერილი.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრევენციისთვის, თუკი მსგავსი ფაქტი მოხდა, აუცილებელია იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც პასუხს აგებს იმ უწყებებზე, ვინც ამას აკეთებს.
"არა, რა თქმა უნდა, არ მაქვს ინფორმაცია რამდენი ფარული ვიდეომასალაა ჩაწერილი, უკანონო იყო იმის აღრიცხვა როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ვინმეს მიერ, თუკი თვითონ არ მონაწილეობდა უშუალოდ დანაშაულში. ზოგადად, ეს პრობლემა, რომელიც ჩვენზე დალაგებულ ქვეყნებშიც ყოფილა, თუმცა ეს არ ამართლებს არსად ასეთ რაღაცას, რომ ის ორგანოები, ვისაც ფარული მოქმედების შესაძლებლობა აქვს, ამ ფარულობის დროს ბოროტად სარგებლობენ იმ პრივილეგიით, რომ შეიჭრან ადამიანის პირად ცხოვრებაში. უმძიმესი პრობლემა იყო იმ მთავრობის დროს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით. მაშინ შეიქმნა ეფექტური სპეცსამსახურები, იქამდე ჩვენი სპეცსამსახურები არ არსებობდნენ ან უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდნენ და ეს პრობლემა სერიოზული იყო.
ჩვენ ვნახეთ ხარისხობრივად უფრო მძიმე ვითარება ივანიშვილის ხელისუფლების დროს - არათუ ჩანაწერების გაკეთება, არამედ საჯარო პოლიტიკაში მისი გამოყენება. ოპონენტი, რომელიც დაუპირისპირდებოდა ივანიშვილს, თუნდაც მისი თანაგუნდელი, მაშინვე გამოხტებოდა ფარული ჩანაწერი ეს უბინძურესი ამბავი. სპეცსამსახურების პრობლემიდან, რომელთაც შეეძლოთ და იყენებდნენ, შესაძლოა, ამას ფარული შანტაჟისთვის, რაც სრული უბედურებაა, სამარცხვინოა, ახლა, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ვნახეთ ღია, უტიფარი დემონსტრირება, რომ დიახ, ამას ვშვრებით და პოლიტიკურად პასუხს არავინ არ აგებს.
ამიტომ, პირველი, რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის პოლიტიკური ნება და ყველა ასეთი სკანდალის დროს პირდაპირ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს პოლიტიკური ფიგურის, ვინც პასუხს აგებს იმ უწყებებზე, ვინც ამას აკეთებს. მეორე, რაც ჩვენ პროგრამაში წერია, არის ტექნიკურად შეზღუდვა ამ შესაძლებლობის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის გამოსავალი, რადგან ახლა ახალი ტექნოლოგიებია, თუ არ არსებობს ტრადიცია, რომ ასეთ რამეზე ვინც აფეთქდება, ის დაისჯება, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ის სიტემა, პროპორციული არჩევნებით მოპოვებული, როცა ერთი პოლიტიკური ძალას ვერ ექნება სრული კონტროლი ყველაფერზე, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც რისკებს ამცირებს,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.