17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია, ვიმედოვნებ არჩევნებამდე ყველაფერი დასრულდება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სამართალდამცელებს გაწეული საპოლიციო მოქმედებებისთვის მადლობას უხდის.

"მინდა დავიწყო მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეული სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად გათავისუფლება, მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს. 

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია, ახლა მთავარია სპეცოპერაცია წარმატებით იყოს ბოლომდე მიყვანილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდება.

"ოპერაცია მიმდინარეობს და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს არჩევნებამდე დასრულება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიციურ სტრუქტურებზე. ბუნებრივია სხვადასხვა ობიექტურ გარემოებაზე არის დამოკიდებული, თუმცა  გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ არჩევნებამდე მოხდება ამგვარი ოპერაციის ბოლომდე მიყვანა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები