17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ზუგდიდის მოვლენები პარტიებს შორის პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენები პარტიებს შორის პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომის გაჩენაში ადანაშაულებს. ამასთან ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხელისუფლებამ უკიდურესი არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა, როდესაც მძევლების პოლიტიკურ კუთვნილებაზე დაიწყო საუბარი:

"ამ ვითარებაში ამ რეჟიმმა გამოამჟღავნა უკიდურესი უპასუხისმგებლობა, უკიდურესი არაკეთილსინდისიერება, როდესაც ამ უბედურების ჟამს მძევლების პოლიტიკურ კუთვნილებაზე დაიწყო საუბარი და ისრების გადატანა. მორღვეულია სამართალდამცავი სისტემა, კონტრტერორისტული და ჯაშუშების წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურა და სახელმწიფო არის ათასი ჯურის ტერორისტის თუ ყაჩაღის სათარეშო ასპარეზი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გუშინდელმა მოვლენებმა "ქართული ოცნების" პრიორიტეტები კიდევ ერთხელ აჩვენა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ინციდენტის უმსხვერპლოდ დამთავრების გამო ოპოზიცია​ გაწბილებულია:

"გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ქართული ოცნების" ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება, შესრულებულია, ახლა მთავარია სპეცოპერაცია წარმატებით იყოს ბოლომდე მიყვანილი. შემაშფოთებელია ამ ადამიანების გაწბილებული კომენტარები 43 მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები