17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ პოლიციაც, სუსიც, ყველა სამართალდამცველი ორგანო დასდევს მხოლოდ ოპოზიციას - ხატია დეკანოიძე 

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლაზე საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მსგავსი ფაქტები იმიტომ ხდება, რომ სამართალდამცველი ორგანოები ოპოზიციის დევნით არიან დაკავებულნი. 

"ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და უფრო მეტიც - არავითარი სახელმწიფო კონტროლი აღარ არსებობს. იმიტომ, რომ შევიდეს ტერორისტი დღისით, მზისით ბანკში, აიყვანოს მძევლები და შემდეგ გაექცეთ ეს ადამიანი, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ პოლიციაც, სუსიც, ყველა სამართალდამცველი ორგანო დასდევს მხოლოდ ოპოზიციას, ითვლიან მიტინგებს, მოძვრებიან შტაბებში, გვიყენებენ მოსასმენ აპარატურას და ა.შ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ოპოზიციურ პარტიებს სწყინთ სამართალდამცველების მიერ მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოუდგენელია ოპერაციას წარმატებული უწოდო, როცა დამნაშავე კვლავ გარეთაა.

"გაბრაზებული ვართ თურმე ჩვენ, "ევროპული საქართველო" წარმატებულ ოპერაციაზე. ამ პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს და ივანიშვილის სხვა სპიკერებს არ ესმით, რომ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს და ის, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა, არის კარგი, მაგრამ წარმატებულ ოპერაციაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედმა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, ფული მიიტაცა და მიმალულია, როგორ შეიძლება აქ წარმატებაზე საუბარი,"-ცგანაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო და მათი ოპონენტები არჩევნებამდე ხელისუფლებას რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

"ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი მონდომებულია, რომ იყოს დესტაბილიზაცია. ამ ზუგდიდის ფაქტის გამოყენება, მისი ექსპლუატაცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადაფარონ დავით გარეჯის რეზონანსული თემა და მეორე - იმიჯი შეულახონ სახელმწიფოს და არამარტო ადგილობრივი საზოგადოების თვალში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.  

დღის ამბები