17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კვლავ მწვავე შეფასებების მიზეზია. ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება არ მოხდა, ეს შემთხვევა პრეცედენტის სახეს მიიღებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება:

"აქამდე მიგვიყვანა უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, პოლიციამ, სადაც პოლიციელს არ აძლევენ შესაძლებლობას, ებრძოლოს კრიმინალს. ორჯერ არის გაზრდილი კრიმინალის სტატისტიკა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს, მისი თქმით, ვახტანგ გომელაური ქართული სახელმწიფოს წინაშე შერცხვა:

"მისმა სტრუქტურამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის დაკავება. ქართული სახელმწიფო და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები შერცხვნენ და დამცირდნენ ერთი ავტომატიანი და ყუმბარიანი კაცის წინაშე და წარმოიდგინეთ, 100 კაციანი ჯგუფი რომ შემოვიდეს ან რომელიმე ქვეყნის ჯარი, რა დაგვემართება. შესაბამისად ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის და მორალის საკითხი," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა ადამიანები კარგად აანალიზებენ იმ რეალობას, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ:

"კრიმინალური ვითარება რეალურად პრობლემებს უქმნის უკვე ჩვენს უსაფრთხოებას," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები