ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა და ხელისუფლება თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, მმართველ გუნდში კრიტიკითვე პასუხობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2012 წლამდე ბანდიტურ საქმიანობაში თავად სახელმწიფო იყო ჩართული.
"სახელმწიფოს მიერ 2012 წლამდე ჩატარებულ ბანდიტურ თავდასხმებს, ძარცვა-გლეჯვას თუ დავამატებთ, რასაკვირველია, იმ პერიოდის სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება. საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება ამოცნობა დამნაშავის, ეს შეკითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან, რომელიც გაგვაჩნია. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამოძიებო რესურსი იქნება დახარჯული," - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
მომხდარი ფაქტის პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას ურჩევს პოლიტიკოსებს კახა კალაძე:
"პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა პოლიტიკური შეფასებებისგან, ამიტომ ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მივა ბოლომდე," - აღნიშნა კახა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის თქმით, მსგავს ფაქტებს, რაც ზუგდიდში მოხდა, შესაბამისი გამოძიება და დრო სჭირდება. სამართალდამცავი ორგანოები კი შესაბამისად რეაგირებენ.
"გუშინწინ მოხდა ეს დანაშაული. ნახეთ, რომ რეაგირების პირველი ნაწილი განხორციელდა. ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ყველა ასეთი ტიპის ფაქტს სჭირდება გამოძიება, რეაგირებაც და დრო," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.