კოვიდინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს ცესკოს იურისტი:
"ცესკომ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, იმიტომ რომ აღნიშნული დოკუმენტი ასახავს 2 ძირეულ პრინციპის, პირველი ეს არის ამომრჩევლების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა. ამავდროულად უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართა საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი გიორგი სანტურიანი.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ/საკრებულოების შუალედურ/მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობენ ცესკოს მიერ შექმნილი საარჩევნო უბნების გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით. საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს ადგენს ცესკო.
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.