სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, შემოსავლების სახით, ჯამში 10 355 000-ზე მეტი მიიღო. აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 505 ლარია, ხოლო დანარჩენი შემოწირულობებია.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - თითქმის 2 600 000 ლარის ოდენობის შემოსავალი პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" მიიღო, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" დასახელებულ პერიოდში 2 432 831 ლარის შემოსავალი აქვს. პარტიამ "სტრატეგია აღმაშენებელმა" ამავე პერიოდში, 2 042 318 ლარის შემოსავალი მიიღო,
"პატრიოტთა ალიანსმა" აღნიშნულ პერიოდში სულ 2 034 847 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 148 001 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 886 805 ლარი შემოწირულობა.
"ევროპულმა საქართველომ" კი პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 1 773 699 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 107387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 1 646 295 ლარი კი შემოწირულობა.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ მათი ყველა ტრანზაქცია აბსოლუტურად გამჭვირვალე და კანონის ფარგლებშია. გიგი უგულავას თქმით, აღსანიშნავია ის, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან პრივილეგირებული ბიზნესმენები არიან და ისინი წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდს ე.წ "ატკატებს" უბრუნებენ.
"ძირითადად ის ორგანიზაციები, რომლებმაც ან კოვიდზე იხეირეს, ან გზების დამგები კომპანიები არიან და საბიუჯეტო კონტრაქტების შემდეგ ატკატებს აძლევენ მმართველ პარტიას," - განაცხადა გიგი უგულავამ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ლელოს" ფინანსები სრულად გამჭვირვალეა. შემოწირულობების რაოდენობა კი იმის მანიშნებელია, რომ პარტია ნდობას იმსახურებს და მისი შემომწირველების დარწმუნებულები არიან, რომ "ლელო" ქვეყანაში რეალურ ცვლილებებს განახორციელებს.