გახშირებული ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები, მოქალაქეების მოსყიდვის შემთხვევები - "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი ფაქტების მატებაზე საუბრობს და მას პირდაპირ არჩევნებს უკავშირებს.
ადმინისტრაციული რესურსების 2020 წლის არჩევნებისთვის გამოყენების შესახებ შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს წარმოადგინა.
"ბოლო კვირებში გახშირდა შემთხვევები პოლიტიკურ აქტივისტებზე თავდასხმები, პოლიტიკური პარტიების ქონების დაზიანებები და ა.შ. ამაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მცირეა რაოდენობა, როდესაც კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ. აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევებში გამოძიება ისევ მიმდინარეობს, რაც საზოგადოებაში აჩენს კითხვებს,"- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს "კარტოგრაფების საქმეც", სადაც, მისი სიტყვებით, ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მიზნით სენსიტიური თემის გამოყენება მოხდა.
"გარკვეული სოციალური პროგრამებიც წარმოადგენს პრობლემას. ერთის მხრივ, ცხადია, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია კონკრეტული სოციალური პროგრამები დავიწყოთ, მაგრამ იყო პროგრამები, რომლებიც ინიცირებული იყო კონკრეტული სამინისტროების მხრიდან, რაც იყო საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯი. ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა "კარტოგრაფების საქმეც", იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ჩვენს ამომრჩეველზე, რადგანაც თემა არის ძალიან სენსიტიური,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.