პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ თეა წულუკიანი სიცრუეში დაადანაშაულა. საუბარია იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში.
"პარტიული სიის წევრი დამკვირვებელი ვერ იქნება, არ რეგისტრირდება უბრალოდ. მე რომ ახლა მოვინდომო ვიყო დამკვირვებელი, არ დამარეგისტრირებს ცესკო. ტყუილია ეგ რაც თქვა, რომ ჩვენი პარტიული სიის წევრი არის დამკვირვებელი.
რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არის, რომელზეც ამბობს, რომ აქვს კავშირი "ევროპულ საქართველოსთან", შემიძლია გითხრათ, რომ არიან ადამიანები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხელმძღვანელობაში ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც შეიძლება კეთილგანწყობილი იყვნენ ჩვენს მიმართ და ისინი იქნებიან დამკვირვებლები. მათ შორის ამ დამკვირვებელი ორგანიზაციების სიმრავლე არის გარანტი იმისა, რომ ვერავინ ვერაფერს გააყალბებს და ვერ იმაიმუნებს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც პირდაპირ "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტებით არის დაკომპლექტებული.
"რატომ უნდა აქედან ამბავი შექმნას წულუკიანს, თუ ეს არ არის პანიკა მისი მხრიდან და რაღაც ახალი მტრის მოძებნა, არის სრულიად გაუგებარი. მართლა თუ არაფერს არ აპირებენ, მართლა თუ რაღაც გაყალბებას და რაღაც სიბოროტის ჩადენა არ უნდათ არჩევნებზე, ეს თემა საერთოდ რატომ არის გაუგებარია," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.