ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობად აფასებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს წარმომადგენელმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ხელს უშლიან:
"დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას," - აცხადებენ ცესკოში.
როგორც ცესკოს წარმომადგენელმა აღნიშნა, მოხდა ამომრჩევლების სრული ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან ხმის მიცემა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალების მხრიდან არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე:
"ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24-საათიან რეჟიმში არიან გადასულები, ზუსტად ამ დროს, კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა, განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას," - განაცხადეს ცესკოში და მოუწოდეს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, რომ აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას.
ცესკოში ამბობენ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულ ორგანიზაციას სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.