17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
"თავისუფლად გადაადგილდება", ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია - თეა წულუკიანი ბადრი ესებუაზე 

რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავმა უწყებებმა ჩასაფრება და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება, მას შემდეგ, რაც მან ბოლო 3 მძევალიც გამოუშვა - ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო, რაც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" პრიორიტეტია:

"ვერა არა, არ მოახდინეს, მას შემდეგ და მანამდეც, ეს პირდაპირ ნიშნავდა იმ ადამიანების სიკვდილს და მე ძალიან მეამაყება, რომ მიუხედავად ბევრი ჩასაფრებული ადამიანისა, არ გვყავდა გარდაცვლილი ამ სპეცოპერაციისას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ჰქონდეთ მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა, როდესაც ტერორიზმში ბრალდებული თავისუფლად გადაადგილდება, თეა წულუკიანმა წამყვანს მიმართა, რომ ნათქვამი "თავისუფლად გადაადგილდება", ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია:

"როგორც, ჩანს, ინფორმაცია გაქვთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება?! ჩვენ არ ვიცით, ის თავისუფლად გადაადგილდება, თუ იმალება. ის არის შეიარაღებული, არის განსაკუთრებით საშიში, არ არის შეპყრობილი, ანუ დაპატიმრებული მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება, ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია," - განაცხადა თეა წულუკიანმა

დღის ამბები