არჩევნებამდე ორი დღით ადრე ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია და დამკვირვებელი უკვე საქართველოშია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ამის შესახებ ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნებს საქართველოში 28 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი დააკვირდება. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წევრიანი სადამკვირვებლო დელეგაცია ვენეციის კომისიის დელეგაციის თანხლებით იმუშავებს.
არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესს ტრადიციულად დააკვირდებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას, რათა საარჩევნო პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით წარიმართოს:
"მიუხედავად კოვიდ ვითარებისა ჩვენი დელეგაცია საქართველოს ეწვია და მზად არის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას, ამომრჩეველთა მათ შეხვედრებს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას, რათა საარჩევნო პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით წარიმართოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენი მისია აქტიურად მუშაობს ამაზე,"- აცხადებს ჯილიან სტარკი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის მარტინუს კოქსის თქმით, საქართველოში საარჩევნო პროცესის პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით წარმოება ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით:
"ჩვენ გარკვეულწილად ვიხილეთ პოლარიზებული პროცესები არჩევნების წინ, იყო გარკვეული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის რაც მისასალმებელია. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს და იმას, თუ როგორ იმუშავებს 120/30-ზე სისტემა. საქართველოში საარჩევნო პროცესის პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით წარმოება ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. 3.5 მილიონ ამომრჩეველს საშუალება მიეცა არჩევანი გააკეთოს როგორც სასურველი კანდიდატის, ასევე სასურველი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინა საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი და სრულყოფილია და ამას მივესალმებით," - განაცხადა მარტინუს კოქსმა.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ოსმან აკინი იმედოვნებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად წარიმართება და მიუხედავად პანდემიისა, მოქალაქეები საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბნებზე გამოცხადდებიან:
"ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, როგორც თურქეთის წარმომადგენელი, ჩვენც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ახალი მოდელით არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს დემოკრატიაზე. მეტი სამართლიანობა, მეტი სიტყვის თავისუფლება გარანტიაა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მიუახლოვდეს ევროატლანტიკურ სივრცეს. შაბათს გასამართი არჩევნები ვფიქრობ რომ დემოკრატიულად წარიმართება და მიუხედავად პანდემიისა, მოქალაქეები საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბნებზე გამოცხადდებიან," -აღნიშნა ოსმან აკინმა.