17 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილს არჩევნებზე არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს - ოპონენტები ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობენ

მმართველი გუნდი არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ დესტრუქციასა და პროვოკაციებთან დაკავშირებით ახალ მასალებს აქვეყნებს. ბრალდების ადრესატები ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არიან. სქემა ირაკლი კობახიძემ გაასაჯაროვა. მისი თქმით, ოპონენტები გეგმავენ, რომ დაძაბულობის კერები შექმნან. "ქართულ ოცნების" ინფორმაციით, ოპოზიცია აპირებს, სტატისტიკის მაღალი მაჩვენებლის შესაქმნელად დიდი რაოდენობით საჩივრები მოამზადონ, ასევე საარჩევნო კომისიების პარალიზებისთვის ჭარბი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვონ. გარდა ამისა ამბობენ, რომ ოპოზიცია საუბნო საარჩევნო კომისიებში არაუფლებამოსილი პირების შეყვანას გეგმავს, რაც საბოლოო, სხდომების ლეგიტიმურობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოწყობის მცდელობის ბრალდებას, ბრალდებით უპასუხეს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში". ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების მომხრეები არიან. მათი განმარტებით, კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში დაბალი მხარდაჭერის პირობებში სიტუაციის დაძაბვა შესაძლოა, სწორედ მმართველი პარტიის ინტერესში იყოს.

მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტების დადანაშაულებას, მთავარი ადრესატების გარდა შეფასებები მოყვა არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პარტიის მხრიდან. ამბობენ, რომ ბრალდებები საკმაოდ მწვავეა, თუმცა ეს არ გახდება იმის მიზეზი, რომ დარღვევების შემთხვევაში საჩივრის მომზადებისგან, შეიკავებენ თავს, ან პროტესტის სხვა ფორმას არ მიმართავენ.

დღის ამბები