პარტია "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" არ შეუერთდა იმ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ პირობა დადო, რომ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნის.
პარტიის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციის შექმნას არ აპირებს, ხოლო იმას თუ რატომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, ოპოზიციური ფორმატის დატოვებით ხსნის.
"მითქვამს, ჩემი პარტიის სხვა ლიდერებსაც უთქვამთ და ვიმეორებ, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ შევქმნით კოალიციას "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ხელს რაღაცას მოვაწერთ - არ მოვაწერთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ფასეულია ჩვენი სიტყვა. ეს სიტყვა ნათქვამი გვაქვს და ამას ვიმეორებთ, რომ ქართულ ოცნებას არავითარ შემთხვევაში კოალიციას არ შევუქმნით. ჩვენ ის ოპოზიციური ფორმატი დატოვებული გვაქვს და ვერ ვხედავდით იქ მისვლის აუცილებლობას,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.