პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მხარდამჭერებს თანაპარტიელებთან ერთად მიმართა.
ელისაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვა.
"გვინდა, მოკლედ შევაჯამოთ "ქართული ოცნების" მმართველობის 8 წელი. ციფრებით დაგიდასტუროთ თუ როგორ გაუარესდა ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულებით ვითარება და ასევე, გითხრათ, როგორი უნდა იყოს უკეთესი საქართველო, როგორ წარმოგვიდგენია უკეთესი საქართველო ჩვენს პარტიას.
2012 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და რა მივიღეთ შედეგად? ლევან მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანის გავლენა სასამართლოზე კიდევ უფრო გაზრდილია, გაზრდილია კრიმინალიც და 2015 წელს 35 000 დანაშაული დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელს დაფიქსირდა 64 000 დანაშაული და იმავდროულად ორჯერ განახევრდა გახსნის ფაქტებიც," - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა მიმართვაში საგარეო ვალებსა და ლარის კურსზეც ისაუბრა.
"ყველა მიმართულებით არის ქვეყანაში ვითარება გაუარესებული, "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაართვა თავი ქართული სახელმწიფოს მართვას. "ქართული ოცნება" 31 ოქტომბერს საწერი კალმებით უნდა გავუშვათ ოპოზიციაში," - განაცხადა ელისაშვილმა.