17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
რომელ ქვეყანაში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას და სად შეფერხდება პროცესი - "კურიერი" რამდენიმე ქვეყნის ელჩს ესაუბრა

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ხვალ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი პოზიციას 38 ქვეყანაში დააფიქსირებს. სულ გახსნილია 52 საარჩევნო უბანი.

ეს პროცესი შეფერხდა კონკრეტულ ქვეყანასა და ქალაქშიც. მიზეზი მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

"კურიერი" რამდენიმე ქვეყნის კონსულსა და ელჩს ესაუბრა. როგორც სატელეფონო საუბრისას საქართველოს კონსულმა საბერძნეთში სულხან კომახიძემ აღნიშნა, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"იყო ნარინჯისფერი და გახდა წითელი, რაც ითვალისწინებს სხვა რეგულაციებთან ერთად მოქალაქეების ნებისმიერი ტიპის, ნებისმიერი ოდენობით შეკრების შეჩერებას ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ წერილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რითაც გვითხრეს, რომ იკრძალება არჩევნების ჩატარება როგორც საკონსულოს შენობაში, ასევე სხვა დახურულ ან ღია სივრცეებში.  ჩვენ ვემორჩილებით ამ ქვეყნის კანონებს," - განაცხადა საქართველოს კონსულმა საბერძნეთში სულხან კომახიძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძის თქმით, პროცესი იტალიაში არ შეფერხდება.

"ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენს მოქალაქეებს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენ მოვთხოვეთ, რომ შეეტყობინებინა და გააკეთა კიდეც, შეატყობინა აქაურ პოლიციას და შესაბამის უწყებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხვალის მდგომარეობით ექნებათ საჭიროება გადაადგილების რეგიონიდან რეგიონში და რომ არ შეექმნათ მათ შეფერხება, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს," - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძემ.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

დღის ამბები