17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, უზრუნველყოფილი იყო კამპანიის წარმართვისთვის თანაბარი შესაძლებლობები.

საუბრისას ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დასაცავად როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად,  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.

დღის ამბები