საერთაშორისო მისიებმა დღეს ბოლო შიდა კონსულტაციები გაიარეს. შეხვედრები შედგა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც. საარჩევნო გარემოს ეცნობა ეუთოც. უკვე ხვალ მათი დიდი ნაწილი უბნების შემოვლას დაიწყებს.
ეუთო-ს საპარლამენტო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც. საუბრისას მმართველმა გუნდმა პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და უსაფრთხო არჩევნების ჩატარების მზაობა გამოთქვა. საკანონმდებლო ორგანოში შეჯამდა წინასაარჩევნო პერიოდი და პოლიტიკური გარემოც.
პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პასუხისმგებლობა შეახსენა დღეს კარლ ჰარცელმაც, ის დინამიკურ პოლიტიკურ პროცესებს საკუთარი თვალით აკვირდებოდა და განმუხტვაშიც მიიღო მონაწილეობა.
არჩევნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი, ვისაც საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები წლის განმავლობაში არასდროს გამორჩენია. კონგრესმენები ახლა მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ქართულ არჩევნებში მეზობელმა რუსეთმა არ სცადოს ჩარევა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე საერთაშორისო მონიტორები საკუთარი დასკვნების წერას შეუდგებიან, მათგან ყველაზე გავლენიანი სადამკვირვებლო მისია, ეუთო/ოდირი საკუთარ შეფასებას არჩევნების მეორე დღეს 1 ნოემბერს გამოაქვეყნებს.