3 სცენარი არჩევნების შემდეგ:
1. რა შემთხვევაში დააკომპლექტებს ერთი პარტია მთავრობას
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია. პრემიერი და მისი მთავრობა არჩეულად ითვლება, თუ მხარს დაუჭერს პარლამენტის არანაკლებ 76 წევრი.
პროცედურა ასეთია: არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია ქმნის საინიციატივო ჯგუფს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დეპუტატთა ხელმოწერებით დადასტურებულ განაცხადს. ამის შემდგომ იმართება პრემიერობის კანდიდატის და მისი გუნდის საკომიტეტო და ფრაქციებში მოსმენები. ამ მოსმენების შემდეგ განხილვები წარიმართება პლენარულ სხდომაზე და დასასრულს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხს.
2. რა შემთხვევაში დააკომპლექტებს კოალიცია მთავრობას
თუ საუკეთესო შედეგის მქონე პარტია და მის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა ვერ მოაგროვებს 76 ხმას, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა ეძლევათ მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტებს - მათ ამისათვის არანაკლებ 51 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდებათ. შეუძლია იგივე პროცედურებით წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და სამთავრობო გუნდი. ამ შემთხვევაშიც, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სჭირდება არანაკლებ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
3. ვერც პარტიამ და ვერც კოალიციამ მთავრობა ვერ დააკომპლექტა - რა ხდება ამ შემთხვევაში
ასევე არის მესამე სცენარი - პარტიები ვერ თანხმდებიან და ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ვერ ახერხებს მინიმალური რაოდენობის 76 მანდატის მოგროვებას კონსტიტუციის გათვალისწინებულ ვადაში. ახალარჩეულ პარლამენტში მთავრობის ფორმირებისთვის კონსტიტუციით დადგენილი ვადების უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.