ჩვენ გავიმარჯვეთ! - ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
"ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.