17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არამარტო ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მმართველი გუნდის ამომრჩეველს, დამკვირვებლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ყველას, ვინც მისი თქმით, წვლილი შეიტანა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში. 

მან აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგად გამარჯვებულია არამარტო "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა.

"დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არამარტო ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას.

მსურს, მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო.

მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას, რომელმაც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მონიჭებული ნდობისთვის, იმ მანდატისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გადმოგვცა ქართველმა ხალხმა და გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რომ დაუზარებლად ვემსახუროთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, რათა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები