ბრიტანული ავტორიტეტული ორგანიზაცია Survation-ის დირექტორმა, რომელსაც "რუსთავი 2-მა" ეგზიტპოლი დაუკვეთა, ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა "კურიერთან", სადაც განმარტა, რომ კვლევაში 120 საარჩევნო უბანზე 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ასევე, მისი განცხადებით, ეგზიტპოლის მონაცემების განახლება მოხდება საღამოს 10 საათზე, რა დროსაც შეიძლება მონაცემები, გარკვეულწილად, შეიცვალოს
"ეს არის დღევანდელი არჩევნების პოტენციური შედეგის პირველი პროგნოზი. დღეს ჩვენ საქართველოს მასშტაბით 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ. ამჟამად გაგაცნობთ შედეგებს, რომლებიც საღამოს 6-ის ნახევრამდე ჩატარებული გამოკითხვით მივიღეთ. ეგზიტპოლის თანახმად, პარტია რომელმაც ამომრჩეველთ ხმების უდიდესი წილი მიიღო, არის" ქართული ოცნება", ხოლო ოპოზიციური ხმების უმეტესი ნაწილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ერგო, რაც 25,3%-ს შეადგენს.
მიმდინარე შეფასებით, "ქართული ოცნების" პროპორციული არჩევნების წესით მიღებული 52,3%, რაც 62 მანდატს შეადგენს და მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ 14 მაჟორიტარული მანდატის მოპოვების აუცილებლობას განაპირობებს.
ეგიზტპოლის მონაცემების განახლება მოხდება საღამოს 10 საათზე, რა დროსაც ჩვენი შეფასებები, შეიძლება, გარკვეულწილად, შეიცვალოს, ვინაიდან წარმოდგენილი იქნება შედეგები, რომლებიც ემყარება საღამოს 5:30 -დან 8 საათამდე ჩატარებულ გამოკითხვას, რაც აქტიური პერიოდია ხმების მისაცემად," - განაცხადა Survation-ის დირექტორმა დამიან ლაიონს ლოვმა.