17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
საახალწლოდ კულტურის სფეროს მოღვაწეთა მხარდასაჭერად თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყო - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. ამის შესახებ ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიამდე ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო  ღონისძიებებში, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს ეხება ჩვენი კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა როგორც სხვადასხვა სასტუმროში, ასევე სხვადასხვა რესტორანში მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან, არსებული შეზღუდვების გამო, იცით, რომ არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ ასევე, მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებსაც საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, ეს არის აკრძალული.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, ასიგნება, იმისთვის, რომ მან, თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. იცით, რომ ქალაქ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო, საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება ძალიან ბევრ კულტურის მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში და ამ შეზღუდვებში, ვინც, რა თქმა უნდა, დაზარალდა,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები