პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საკითხი მმართველ გუნდში კატეგორიულად არ განიხილება. მისი თქმით, არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები "ქართულ ოცნებაში" დღის წესრიგში არ დგას.
"არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები - რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება - 2022-ში, 2023-ში, ორი თვით ადრე, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში, ეს მინდა ყველამ იცოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. ამ ქვეყანაში გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა - ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების რაუნდებზე ერთი განზრახვით მიდის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის სურვილი გაუჩნდეს.
"მთავარი არის ის, თუ რა სულისკვეთებით მონაწილეობს მმართველი პარტია და მისი წარმომადგენელები ამ რაუნდებში. სულისკვეთება არის ის, რომ ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს, ან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას გაუჩნდეს სურვილი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და მაგალითად, როდესაც დღეს ბატონი მაჭავარიანი მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრობს, პარლამენტში და პარლამენტიდან დასვან ის საჭირბოროტო კითხვები, რომელიც დარწმუნებული ვარ, აქვთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.