17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"ჩვენ შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით" - "გირჩის" ლიდერები ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ

"გირჩის" ლიდერები პარტია მოქალაქეების ერთ-ერთ ლიდერთან გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებენ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია მათ ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან აქვთ და არა მხოლოდ პარტია "მოქალაქეებთან". 

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთიანი შეთანხმების გარეშე, ხელისუფლებასთან ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება.  

"მიმდინარეობს ოპოზიციაში მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიას რა უნდა მიიღოს ამ მოლაპარაკებიდან. იმიტომ რომ ჩვენ ერთიანები ვართ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებაში, ვიცით, რომ სათითაოდ ჩვენი ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ არ იქნება ეფექტური, ამიტომ ერთმანეთს ველაპარაკებით, რომ მაქსიმალურად მეტი წამოვიღოთ თუ ეს შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან. მარტო ბატონ ალეკო ელისაშვილთან არა, ჩვენ ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვლაპარაკობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენთვის პრინციპული საკითხია უბარიერო პროპორციულ არჩევნები, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვა პარტიებისთვის სხვაა. ჩვენ შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციისგან იქნება წამოჭრილი, სრული მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ე.წ. სერბული მოდელი. 

"ყველა მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციისგან წამოყენებული იქნება, უნდა სარგებლობდეს საერთო ოპოზიციური მხარდაჭერით. მხოლოდ ასეთ მოთხოვნას შეუძლია რომ ძალიან რთული პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს სერბული მოდელიც, ნებისმიერი ის შეთავაზება ან მოდელი, რომლის ირგვლივაც იქნება ფართო ოპოზიციური კონსენსუსი,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის, ლევან თარხნიშვილისთვის გაურკვეველია, რა სახის მოლაპარაკებები აქვთ პარტია "მოქალაქეებსა" და "გირჩის" წევრებს. 

"არც მაინტერესებს ბატონი იოსელიანი და სხვა მოქალაქეები და ბატონი ელისაშვილი ვისთან რას ლაპარაკობს. ეს ხალხი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ოპოზიციას არ წარმოადგენენ უკვე, იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც მათ გადადგეს. ასევე, გაურკვეველია რომელ გირჩთან ლაპარაკობენ და რაზე ლაპარაკობენ.  ეს მათი საქმეა, რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, ჩვენ არჩევნებამდეც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის თემატურ საკითხზე, რეფორმების საკითხზე,“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

დღის ამბები