ევროპის ლიდერმა სასტუმროების ჯგუფმა „აკორ გრუპმა“ თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. ეს „აკორ გრუპ“-ის პირველი სასტუმროა საქართველოში.
პრეზენტაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ასეთი სასტუმრო წარმოდგენილია მსოფლიოს 51 ქვეყანაში. ეს წარმატებული პროექტია, რომელშიც დაიხარჯა 16 მილიონი დოლარი. ინვესტორები ახორციელებენ გაცილებით დიდ პროექტს თბილისში, ეს არის „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, სასტუმროში 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და დამატებით შემოსავლების წყარო გაჩნდა.