ნაფეტვრების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით სტიქიის შედეგად დასახლებაში მისასვლელი გზა ისე დაზიანდა, რომ გადაადგილება და დედაქალაქში ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც ნაფეტვრებში მცხოვრები ადამიანები განმარტავენ მათთან სტიქიის შემდეგ მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც დახმარებას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები ზარალის დამთვლელი კომისიის შედგენას და გზის გაკეთებას მოითხოვენ.
"კურიერთან" საუბრისას მცხეთის გამგებელმა ზურაბ აბესაძემ განაცხადა, რომ 5 კილომეტრიანი გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. სატელეფონო საუბრის დროს ზურაბ აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია, თუმცა პრობლემის არსი იცის, ზარალიც დათვლილია და თანხებიც მობილიზებულია სამუშაოების დასაწყებად.
თბილისი-ნაფეტვრების გზა 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა და მას შემდეგ პრობლემები უფრო ღრმავდება. იმ შემთხვევაში თუ გზის შეკეთება დროულად არ მოხდება შესაძლოა ნაფეტვრები გარე სამყაროს მოწყდეს.