"გადადგეს უპასუხისმგებლო მერი"-ამ შინაარსის პლაკატებით დედაქალაქის მერიასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიაა.“
სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფში შემავალმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია.
„ნარმანიას საქმიანობამ თბილისელებში იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება გამოძიება, მოვუწოდებთ ნარმანიას აიღოს პასუხისმგებლობა 13 ივნისის სტიქიაზე და დატოვოს თბილისის მერის თანამდებობა“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ დავით ნარმანია არ მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ, პროცესები საკრებულოში გადაინაცვლებს და დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა.
ქალაქის მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საკრებულოს 34 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.