ხანძარი დღის 12:00 საათზე შპს "გაგრა +"-ის საწყობში გაჩნდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში დასაწყობებული საკვები პროდუქტის დანამატები დაიწვა. თავად შპს "გაგრა +"-ის წარმომადგენლები აფეთქების ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საწყობში ცეცხლი მოძველებულ ელექტროსადენებს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებთან ერთად პოლიციელებიც მუშაობდნენ, რომლებმაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების პარალელურად უკვე სწავლობს იყო თუ არა საწყობში უსაფრთხოების ზომები დაცული.
გამოძიების პარალელურად, შპს-ში მომხდარს შეისწავლის სურსათის უვნებლობის სამსახურიც. საწყობში საკვები პროდუქტების დანამატებთან ერთად ინახებოდა ავტომობილის საბურავებიც. უწყებაში სწორედ ამის გარკვევას შეეცდებიან იყო თუ არა დაცული ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა საწყობში, სადაც საკვები პროდუქტებისთვის საჭირო დანამატები ინახებოდა.
დღის ბოლოს გაირკვა, რომ შპს "გაგრა +" საკვები პროდუქტების დანამატებით საქართველოში რამდენიმე მსხვილ სავაჭრო კომპანიას ამარაგებს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ეკა ბუცხრიკიძე.