20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"ყველა ღონეს ვიხმართ ქართველების ინტერესების დასაცავად,"- საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს ქართველების ინტერესების დასაცავად,"- ეს განცხადება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გეორგიოს ციპრასმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა. შეხვედრა მხარეებს შორის საბერძნეთში გაიმართა. ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გასაცნობად, თბილისიდან ათენში სპეციალური ვიზიტით თამარ ბერუჩაშვილის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე ჩავიდა.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამართული შეხვედრის დროს ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილეს. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება რომელიც შეხვედრის დროს იქნა მიღებული არის ის, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შეიქმნება.

გეორგიოს ციპრასმა საქართველოს ხელისუფლებას გამოჩენილი ყურადღებისთვის ბერძენი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ 5 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის შემდეგ საბერძნეთში მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ქართველმა დიპლომატმა კოლეგას ის პრობლემები გააცნო რაც არსებულ ვითარებაში საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს შეექმნათ.

რამდენიმე საათში საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე შეხვდება.

საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე სალონიკშიც გაემგზავრება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები