20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
რუსთავში ციფრული მაუწყებლობის სიგნალის მიღებისას მოსახლეობას პრობლემა შეექმნა

ქალაქ რუსთავში, ციფრული მაუწყებლობის სიგნალის ღია ეთერით მიღების პრობლემა შეექმნა მოსახლეობას.

მარეგულირებელი კომისია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონიტორინგის ჯგუფი გართულებების თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სიგნალის მიღება სახურავის ანტენით, მომხმარებელს რეკომენდაციით მიმართავენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აპარატურა ხარვეზებით მუშაობს, აუცილებელია მისი გადამოწმება იმ მაღაზიებში, სადაც შეიძინეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სიგნალის გავრცელება პრობლემა არ არის.

„მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სიგნალის გავრცელების პრობლემა არ არის, სიგნალი არის მდგრადი, სეტ ტოპ ბოქსები ამ სიგნალს იღებენ. უბრალოდ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები არ გადის დედაქალაქის მხარეს და მათ არ აქვთ სახლის სახურავზე დამონტაჟებული დეციმეტრული ანტენა, მათ ნაწილს შეექმნა გარკვეული პრობლემა“, - განაცხადა კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

IDFI-ს წარმომადგენელმა უჩა სეთურმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად შეამოწმონ მიეწოდება თუ არა ციფრული სიგნალი მათ ტელევიზორებს. სეთურის თქმით, ციფრული მაუწყებლობა ყველგან ჩართულია და მიმდინარეობს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ანალოგური სიგნალის გათიშვამდე კი მოქალაქეებს შეუძლიათ შეამოწმონ ტექნიკურად რამდენად გამართულად მიეწოდებათ ციფრული სიგნალი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები