20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
თავდასხმა და მუქარა ცივი იარაღით სასწაფო დახმარების ბრიგადაზე

სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამთენიისას თავს დაესხნენ. ვაშლიჯვრის ასახვევში გამოძახებაზე მისულ ექიმებს პაციენტი სადარბაზოსთან დახვდა, რომელიც გულის არეში ტკივილებს უჩიოდა.

როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაარკვია, ის ნაოპერაციები იყო. მოქალაქემ მოითხოვა იმავე კლინიკაში გადაეყვანათ, სადაც მას ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. სანამ ექიმები კლინიკასთან მისი გადაყვანის დეტალებს არკვევდნენ, პაციენტმა სამედიცინო პერსონალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა და ცივი იარაღით მუქარა მოჰყვა.

ჩხუბში პაციენტის მამა და კიდევ რამდენიმე თანმხლები პირი ჩაერთო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საპატრულო პოლიცია და პაციენტის გადასაყვანად დამატებითი ბრიგადა გამოიძახა, რადგან აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანას დანით საბურავები დაუზიანა.

ექიმებმა მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, ინციდენტის შედეგად კი 2 პირია დაკავებული, მათ შორის პაციენტის მამა, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა.

დღის ამბები