საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გუშინ "თბილისის დინამოსა" და აზერბაიჯანული "გაბალის" მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცჰყოფას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანამდვილებით შეგივძლია ვთქვათ, რომ კლუბთან ასოცირებული ფანკლუბის - გლადიატორების წევრებს ამ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონიათ.
მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად - დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს დინამოს ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ - წარსულს, აწმყოსა და მომავალს,"-აღნიშნულია განცხადებაში.