ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემის წესი მომზადდა. დოკუმენტი ვიცე-მერმა დღის ბოლოს გაასაჯაროვა. უძრავი ქონების მეპატრონეებს ზიანი როგორც სულადობის, ისე ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით აუნაზღაურდებათ. საცხოვრებლის საბაზრო ღირებულებას კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა ქონების სტიქიამდელი მდგომარეობის მიხედვით დაადგენს. დაზარალებულებს არჩევანის საშუალება ექნებათ.
იმ ოჯახებიდან, რომლებსაც ქონება სრულად გაუნადგურდათ პრიორიტეტი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს მიენიჭებათ. დაზარალებულებს საოჯახო პაკეტიც გადაეცემათ, რომლის მინიმალური რაოდენობა 8 ათასი ლარი, მაქსიმალური კი 10 ათასი იქნება.
დოკუმენტში ვერ მოხვდა დაუზღვეველი ავტომობილების მფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურება.
სტიქიით დაზარალებულებისთვის შეგროვებული 25 მილიონიდან თანხის ძირითადი ნაწილი შემოწირულობებიდან გადაირიცხა.
13 ივნისის შემდეგ დახმარებას სტიქიით დაზარალებული 161 ოჯახი ელოდება.
ავტორი: ეკო მაღრაძე.