შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ხვალ გამთენიისას მტკვარზე თევზაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია: 5 ივლისს, გამთენიისას, 5 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში.
წყლის დონის დაწევა შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ხვალ გამთენიისას, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.