20 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა შესაძლოა ხვალიდან დაიწყოს

საკრებულომ ზარალის ანაზღაურების წესი უკვე დაამტკიცა. სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა კი შესაძლოა ხვალიდან დაიწყოს. 

განცხადება რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თუ მოსახლეობასთან სახელმწიფო შეთანხმება ხვალვე მოხდება იმის შესახებ თუ რომელი ფორმით სურთ კომპენსაციის მიღება, დაზარალებულისთვის თანხის გადარიცხვაც მაშინვე მოხდება.

"თანხების გაცემა შეიძლება დაიწყოს ხვალიდანვე თუ შევთანხმდებით მოსახლესთან წესის რომელი მუხლით უნდა მას, რომ აუნაზღაურდეს ზარალი,"- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ვაკის გამგებელი კი აცხადებს, რომ შენობები, რომლის აღდგენაც შესაძლებელია აღდგება და პროცესს ვაკის რაიონული გამგეობა უზრუნველყოფს. იმ ნაგებობების შეფასებას  და გამოსყიდვას, რომლებიც საცხოვრებლად უვარგისია ან უბრალოდ აღარ არსებობს ლაშა აბაშიძის განმარტებით ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს. 

სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ 40 ოჯახთან თანამშრომლობის ხვალიდან დაწყებას არ გამორიცხავს ქართული ოცნების წარმომადგენელი რიმა ბერიძე. დეპუტატი ამბობს, რომ 10 მილიონი ლარი 40 ოჯახისთვის უკვე გამოყოფილია. 

საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები კი მიღებული წესის ხარვეზებზე საუბრობენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა აღმოუჩინოს დახმარება იმ პირებს, რომლებსაც 13 ივნისს სტიქიის დროს ავტომობილები დაუზიანდათ. 

"კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაზიანებული ავტომობილების მდგომარეობა. ვიცე-მერი ამბობს, რომ თუ იქნება სახსრები ამ მოქალაქეებს დაეხმარებიან. 9 მილიარდია ბიუეჯტი, 912 თბილისის ბიუჯეტი, სრულად კი ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი ეს ძალიან სამწუხარო ამბავია,"- აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები