20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
55 წლის ლია ჭკადუას ოჯახი მისი გარდაცვალების მიზეზების დადგენას ითხოვს

სოფელ ზეღდულეთში მცხოვრები 55 წლის ლეილა მანძულაშვილი-ჭკადუა მისმა ნათესავმა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი პირველ მარტს იპოვა.

გარდაცვლილის თავთან სისხლის გუბე იდგა. საწოლს კი ტალახიანი ფეხის ნაკვალევი ეტყობოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, თუმცა ცხედრის გარეგანი დათვალიერება ოჯახის წევრებს ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ აძლევდა.

ნათესავების ეჭვს შესაძლო მკვლელობის თაობაზე ისიც ამძაფრებს, რომ დაახლოებით 500-დან 2 ათას დოლარამდე თანხა, რომელიც გარდაცვლილს სახლში ჰქონდა გამქრალია.

ამას გარდა მანძულაშვილების ოჯახს ორ ოჯახთან სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ, ამიტომ არც ანგარიშსწორებას გამორიცხავდნენ.

ოჯახის განმარტებით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებდა, თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციას არ ცვლიდა, ამიტომ მანძულაშვილებმა ადვოკატი დაიქირავეს.

ოთახში აღმოჩენილია გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მამაკაცის სისხლის კვალი, ასევე უცხო ადამიანის ნაგლეჯი თმის ღერები, ხოლო კაშნეს იმ ნაწილზე, რომელიც ჭაღზე იყო მიმაგრებული, გარდაცვლილის სისხლის კვალი შეიმჩნეოდა.

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ოჯახის პოზიცია ცალსახაა, ისინი პროკურატურისგან საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ გამოძიება არჩეულ გზას არ გადაუხვევს და საქმეს კვალიფიკაციას არ შეუცვლის სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

 
დღის ამბები