20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
თაღლითური სქემა, რომლის გამოც შეძლებული მშენებელი სოციალურად დაუცველი გახდა

ჯუმბერ კახიძე, რომელიც 7 წლის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპირებდა დღეს ამტკიცებს, რომ მისი ქონება მშენებლობის თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. ჭავჭავაძის 5 ა ნომერში კახიძეების საკუთრება იყო 3 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ჰქონდათ პროექტიც. მიწა მეუღლის, ლალი კახიძის სახელზე იყო გაფორმებული.

ლალი კახიძე ამტკიცებს, რომ შვილმა დეველოპერულ კომპანია „იბერია სითის“ დააკავშირა, რომელსაც ამ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსები უნდა აეშენებინა. სანაცვლოდ კახიძეები აშენებული ფართის ნაწილს მიიღებდნენ. კახიძეები ამბობენ, რომ „იბერია სითის“ სახელით მათ ყოფილი მაღალჩინოსანი ესაუბრებოდა.

სპეციალურად ამ საქმისთვის ახალი კომპანია „ლიბერთი სითი“ დაფუძნდა და ლალი კახიძის ხელმოწერით „ლიბერთი სითიმ“ მიწა იპოთეკით დატვირთა და ბანკიდან 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ისესხა.

კახიძეები საბუთებს იურისტთან დიმიტრი ღონღაძესთან ერთად სწავლობენ. მათი მტკიცებით, ვალად აღებული თანხა „ლიბერთი სითიდან“ მშენებლებმა „იბერია სითის“ ანგარიშზე გადარიცხეს.

ჯუმბერ კახიძის თქმით, მშენებელმა კომპანიამ ამ ადგილზე მხოლოდ 300 ათასი  ლარი დახარჯა, სახლი კი დღემდე არ აშენებულა.

ჯუმბერ კახიძე ამტკიცებს, რომ თაღლითური სქემა ჩაიფიქრა და განახორციელა შვილის ახლობელმა და მაშინდელი საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩხენკელმა. ამბობს, რომ ამ დეტალებში ის „იბერია სითის“ ყოფილმა იურისტმა, ზურაბ დანელიამ გაარკვია.

ერთ დროს მდიდარ მშენებელს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შარშან სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს. 21 მაისს კახიძეს ეს სტატუსიც შეუჩერეს, დაყადაღებული ქონების დაფიქსირების გამო. ახლა კახიძე საქმის სასწრაფო გამოძიებასთან ერთად სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენასც ითხოვს, იმ დრომდე ვიდრე უკვე მის საკუთრებაში დაბრუნებულ მიწაზე ახალი მშენებლობის დაწყებას შეძლებს.

ავტორი:ლაშა კვესელაძე

დღის ამბები