თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-მა მოიპოვა, ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა, სამართალდამცავზე თავდამსხმელი პირი კი დაკავებულია.
დაჭრილია პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი, რომელიც ინციდენტის დროს თევდორე მღვდლისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
"იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა - გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს,"- ნათქვამია ," - მითითებულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.
გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო და მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელისათვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.