თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის საკომპენსაციო შეთავაზება დაიწყო. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას პირველი კატეგორიის დაზარალებულთა ნაწილი გაეცნო.
18 ოჯახიდან რამდენიმე უკმაყოფილოა დასკვნით. ისინი დღეს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს დამატებით ფოტო მასალას მიაწვდიან, რის შემდეგაც შესაძლოა თავიდან შეფასდეს მათი ქონება.
ექსპერტიზის ბიუროსა და მერიის წარმომადგენლები მომდევნო შეხვედრას წყნეთის ხევის მოსახლეობასთან გამართავენ და მათი ქონების შესახებ მომზადებულ დასკვნას გააცნობენ.
ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის განმარტებით, შეფასებისას მთავარი პრინციპია, რომ უძრავი ქონება შეფასდეს მისი საუკეთესო გამოყენებით.
„სადაც შემფასებელი საჭიროდ თვლის, ფასდება სახლი. არის შემთხვევები, როდესაც მიწა არის ღირებული, რაც გვაძლევს ამ ქონების უმაღლეს ფასს. იმ მიდგომით არის უძრავი ქონება შეფასებული,“ - განაცხადა გიორგი ჩადუნელმა.